English / ქართული / русский /
ლალი ხარბედიამარიამ ხარბედია
კოლხეთის ეროვნული პარკის მნიშვნელობა ეკოტურიზმის განვითარებისთვის

ანოტაცია. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიმართულებებს ძირითადად მისი გეოგრაფიული მდებარეობა განსაზღვრავს, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის, როგორც დამაკავშირებელი რგოლის, ფუნქციას ევროპასა და აზიას შორის. მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ საქართველო ამ ფუნქციით გაიცნო, მაგრამ გეოგრაფიულმა მდებარობამ, მრავალფეროვანმა ბუნებამ და კლიმატმა ქვეყნის ტურისტული პოტენციალიც წარმოაჩინა და ტურიზმი ეკონომიკის პრორიტეტულ დარგად იქნა მიჩნეული. ჩვენი ნაშრომის მიზანია ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულების _ ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივის ანალიზი, კერძოდ კოლხეთის ეროვნული პარკის, როგორც ტურისტულ-რეკრეაციული რესურსის, განხილვა და მისი როლის წარმოჩენა ეკოტურიზმის განვითარებაში.

საკვანძო სიტყვები: მდგრადი განვითარება, ეკოტურიზმი, დაცული ტერიტორიები, ეროვნული პარკი.

შესავალი

ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი და დინამიური დარგია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ბოლო ათწლეულებში ის საკმაოდ სწრაფად ვითარდება საქართველოშიც. თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებით აქტუალურია მდგრადი განვითარების კონცეფცია. მდგრადი ტურიზმი ხელს უწყობს ისეთი წინააღმდეგობების აღმოფხვრას, როგორიცაა ბუნებრივი გარემო პირობების დაცვისა და ადგილობრივი მოსახლეობის მეურნეობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნების შეუთანხმებლობა. სწორედ ასეთი ტიპის საკითხების მოგვარებაზეა ეკოლოგიური ტურიზმი, რომლის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა დაცული ტერიტორიების და ბუნებრივი მემკვიდრეობის არსებობა.
ბოლო წლებში დაცულმა ტერიტორიებმა ამ დამატებითი ფუნქციების შესრულება საქართველოშიც დაიწყო და საზოგადოებისთვის თანდათანობით ნათელი ხდება, რომ დაცული ტერიტორიები წარმოადგენს არა შემოღობილ და ყველასათვის აკრძალულ ზონებს, არამედ მათი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა მიზნით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კი არის ეკოტურიზმის განვითარება.
საქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსებას დიდი ხნის ისტორია აქვს. პირველი დაცული ტერიტორია _ ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა 1912 წელს. ამჟამად კი დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 495 892 ჰექტარია, რაც ქვეყნის ტერიტორიის 7%-ია. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 17 აღკვეთილი, 14 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კოლხეთის ეროვნულ პარკს. [http://www.apa.gov.ge]
ჩვენი ნაშრომის მიზანია კოლხეთის ეროვნული პარკის როგორც ტურისტულ-რეკრეაციული რესურსის განხილვა და მისი როლის წარმოჩენა ტურიზმის განვითარებაში. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული პარკი ზოგადად იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, შედარებით დიდი, ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეული ეკოსისტემების დასაცავად და არსებული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიზნით. გარდა ამისა, ეროვნული პარკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკოტურიზმის განვითარებაში, განსაკუთრებით კი, საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციაში. ამ მიზნით შესწავლილია კოლხეთის ეროვნული პარკის ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები, დახასიათებულია კოლხეთის ეროვნული პარკის ეკოლოგიური მდგომარეობა. გამოკვეთილია კოლხეთის ეროვნული პარკის ტურიზმის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები.

* * *

ეკოლოგიური ტურიზმი _ ეს არის იმ უნიკალური ბუნებრივი ტერიტორიების მონახულება, რომლებსაც ნაკლებად ეხება სამეურნეო საქმიანობა, სადაც შემონახულია ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციები, ის ზრდის ტურისტულ პროცესში მონაწილე ყველა ტურისტის ეკოლოგიური კულტურის და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეს. ამასთანავე ის არის ბუნების დაცვის ნორმებისა და ტექნოლოგიების გამოყენება ეკოლოგიური ტურებისა და პროგრამების შესრულებისას. გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (UNWTO) ექსპერტები ტურიზმის სახეობებიდან იყენებენ ცნებას _ ,,ბუნებრივ ტურისტულ რესურსებზე ორიენტირებული ტურიზმი“ ან ,,ბუნებრივი ტურიზმი“ (nature based tourism), რომელსაც მიაკუთვნებენ ეკოტურიზმსაც. 

ტერმინი „ეკოტურიზმი” 1983 წელს დამკვიდრდა. ის მექსიკელმა ეკონომისტ-ეკოლოგმა ჰექტორ ცებალოს-ლასკურეინმა შემოიღო. ეკოტურიზმს იგი უწოდებდა მოგზაურობას „შედარებით ხელუხლებელ ან დაუბინძურებელ ბუნებრივ ტერიტორიებზე სპეციფიკური მიზნით, კერძოდ, განათლებისთვის, ბუნების პეიზაჟებით, მცენარეებითა და ველური ცხოველებით აღტაცებისა და ტკბობისთვის, ასევე _ ამ ტერიტორიების კულტურული თავისებურებების შესასწავლად”.
ეკოტურიზმი მდგრადი ტურიზმის ის სეგმენტია, რომელიც გულისხმობს შედარებით წყნარი ბუნებრივი ლანდშაფტების დათვალიერებას, მათ შორის დაცულ ტერიტორიებზე. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ზუსტი მონაცემები, მიახლოებითი გამოანგარიშებით საერთაშორისო ტურიზმის დაახლოებით 15-20% ეკოტურიზმს განეკუთვნება. ეკოტურიზმი არის ბუნებრივი და კულტურული რესურსების (მათ შორის ბიომრავალფეროვნების) კონსერვაციის მექანიზმი და ასევე, პერიფერიების მდგრადი განვითარების საშუალება. ტურიზმი, როგორც წესი, არის ფაქტორი, რომელიც სტიმულს აძლევს გამოვლინებას, დაცვას, რესტავრაციას, ბუნებრივი რესურსების და კულტურულ-ისტორიული ღირებულებების რაციონალურად გამოყენებას. ეს ხდება იმიტომ, რომ სხვა ქვეყნის ტურისტების მიმღები ქვეყანა მობილიზაციას უკეთებს რეკრეაციულ რესურსებს, რათა ღირსეულად შეხვდეს სტუმრებს და დააყოვნოს თავის ტერიტორიაზე. ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს ტყის ნატურალური ლანდშაფტი. ეროვნული პარკი ერთ-ერთი მიმზიდველი ობიექტია ტურისტებისათვის. მაგალითად, აშშ-ის ეროვნული პარკების სტუმრობის წლიური რაოდენობაა 90 მლნ. ეს ტენდენცია ძლიერდება საქართველოშიც. ტურისტებს სულ უფრო მეტად იზიდავს დაცული ტერიტორეიები და ეროვნული პარკები. გამონაკლისი არც კოლხეთის ეროვნული პარკია.
კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. იგი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. კოლხეთის დაბლობი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში პირველად 1996 წელს მოექცა, როდესაც საქართველო საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით _ წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ არსებულ რამსარის კონვენციას შეუერთდა. 2000 წლიდან კოლხეთის ეროვნულმა პარკმა სრულმასშტაბიანი ფუნქციონირება დაიწყო. კოლხეთის ეროვნულ პარკი არ არის მონოლითური წარმონაქმნი და ის წყვეტილი ტერიტორიებისგან _ უბნებისგან შედგება. პარკი იყოფა ანაკლია-ჭურიის (მდინარეების ჭურიისა და ხობისწყლის ხეობების ზღვისპირა მონაკვეთებს შორის), ნაბადასა (მდინარეების ხობისწყლის და რიონის ხეობების დასავლეთ მონაკვეთებს შორის) და იმნათის (მდინარეების რიონის და სუფსის ხეობების დასავლეთ მონაკვეთებს შორის) ბუნებრივ გეოგრაფიულ უბნებად. ეს ის ადგილებია, სადაც ჭარბტენიანი ეკოსისტემები ყველაზე უკეთ არის შემორჩენილი. ამას გარდა, ეროვნულ პარკში შედის მდინარეების _ რიონსა და ჭურიის შესართავებს შორის მდებარე ზღვის აკვატორია. ანაკლია-ჭურიის უბნის ფართობი შეადგენს 13 713 ჰექტარს; ნაბადის უბნის სიდიდე 10 697 ჰექტარია, ხოლო იმნათის უბნის ჴ 19 903 ჰექტარი.
კოლხეთის ეროვნული პარკის გეოგრაფიული მდებარეობა და საზღვრები განისაზღვრება საქართველოს კანონით „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ 09.12.1998. №1720 - 1ს. კანონის მე-8 მუხლის თანახმად, „კოლხეთის ეროვნული პარკი იქმნება ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი არის 44599,8 ჰექტარი. აქედან ხმელეთის ფართობია 29323,8 ჰექტარი, ხოლო ზღვის აკვატორიისა _ 15276 ჰექტარი. კოლხეთის ეროვნული პარკი იყოფა შემდეგ უბნებად: ა) ზღვის აკვატორიის უბანი; ბ) ანაკლია-ჭურიის უბანი; გ) ნაბადას უბანი; დ) იმნათის უბანი.
ეროვნული პარკის უბნები ხუთი ადმინისტრაციული რაიონის ჴ ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშის და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის - სამეგრელოსა და გურიის ნაწილია. ეროვნული პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი.
კოლხეთის ეროვნული პარკის დებულებით განსაზღვრულია მისი ძირითადი მიზნები და ამოცანები [კოლხეთის ეროვნული პარკის დებულება 2011.23.07]:
ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, კოლხეთის ბუნებრივი ან სახეცვლილი ჭარბტენიანი ტერიტორიების დავისა და აღდგენის უზრუნველყოფა; ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით - საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა და აღდგენა; მიმდებარე სანაპირო ზოლში ეკოლოგიური წონასწორობის შესანარჩუნებლად 5 საზღვაო მილის სიგანის ზღვის აკვატორიის დაცვა; წლის ობიექტების ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მონიტორინგის განხორციელება;
ბ) ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მისი ზონირების შესაბამისი დაცვის დიფერენცირებული რეჟიმის განხორციელება;
გ) ეროვნული პარკის ფარგლებში მდებარე ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვა;
დ) რეგულირებული ტურიზმის და ორგანიზებული რეკრეაციის მდგრადი განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, ტურისტთა მოზიდვა და ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მათი მომსახურების უზრუნველყოფა;
ე) ეკოლოგიური მონიტორინგის განხორციელება და საჭიროებისამებრ ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ვ) ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო და ეკოლოგიურ-საინფორმაციო საქმიანობა;
ზ) საჭიროებისამებრ, ადამიანის საქმიანობის ან სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ბუნებრივი ობიექტების და ისტორიულ-კულტურული ძეგლების აღდგენის უზრუნველყოფა;
თ) აკადემიური სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელშეწყობა, შესაბამისი პირობების შექმნა და შეძლებისდაგვარად წარმართვა;
ი) პერსონალის სისტემატური სწავლების და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა.
კ) ეროვნული პარკის ფარგლებში არსებული შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობა.
ლ) სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკური მოწყობილობების, ინვენტარისა და სხვ. შეძენისა და ექსპლუატაციის საკითხების მოწესრიგება.
უნდა აღინიშნოს, რომ კოლხეთის ეროვნული პარკის ჭარბტენიანი ეკოსისტემები სხვადასხვა კატეგორიის ვიზიტორთათვის საინტერესო და მიმზიდველი ობიექტია. ჭარბტენიანი ლანდშაფტების ერთობლიობა ქმნის ულამაზეს პეიზაჟს, რომელსაც იშვიათად თუ მოეძებნება ბადალი შავი ზღვის მთელ სანაპიროზე.
კოლხეთის ეროვნულ პარკს ეკოტურიზმისთვის საკმაოდ კარგი პერსპექტივები აქვს. მასიური მიგრაციის პერიოდში აქ მრავალ იშვიათ ფრინველზე დაკვირვებაა შესაძლებელი. Birdwatching-ის სახელით ცნობილი ტურიზმის ეს ფორმა დასავლეთის ქვეყნებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. საქართველოს და, მით უმეტეს, ორნითოლოგიურად მდიდარ კოლხეთს ფრინველთა თვალთვალის მოყვარულთათვის ბევრი საინტერესო შეხვედრის შეთავაზება შეუძლია. პარკის ტერიტორიაზე ტურისტებისთვის მოწყობილია ფრინველთა სათვალთვალო კოშკები.
ეროვნული პარკის ადმინისტრაცია დამთვალიერებელს რამდენიმე დაუვიწყარ სანაოსნო მარშრუტს სთავაზობს. სანაპირო დიუნების და იმნათის ტორფნარის გასწვრივ შემუშავებულია ფეხით სავალი მარშრუტებიც, მაგრამ ჭარბტენიანი ტერიტორიების დათვალიერების საუკეთესო საშუალებად მაინც მოტორიანი კატარღები რჩება. თუკი ანაკლიის მახლობლად ჭურიის შავ ზღვასთან შესართავში ნავში მოთავსდებით და მდინარეს აღმა აუყვებით ან იმნათ-პალიასტომის გავლით მდინარე ფიჩორის კალაპოტში შეხვალთ, მრავალ ძლიერ შთაბეჭდილებას მიიღებთ ჴ აქაურ რელიქტურ ტყეებში მიმავალი მდინარის ყოველი მოსახვევი ახალ-ახალ სიურპრიზებს და ფრინველთა იშვიათ სახეობებთან შეხვედრას გიქადით. დღეს ეკოტურიზმი გამოდის როგორც ალტერნატივა ისეთი დარგებისათვის, რომლებიც ზიანს აყენებს ბუნებას (ნადირობა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, ტყის დამზადება და სხვა). ეკოტურიზმისათვის მნიშვნელოვანია მოგზაურთა რაოდენობა და მათი მოტივაცია, მაგრამ ეს ფაქტორები არ არის გადამწყვეტი. ეკოტურიზმის შედეგი უნდა გახდეს არა მარტო ახალი ინფორმაციის მიღება და გარემოს სილამაზით ტკბობა, არამედ ბუნებისადმი დამოკიდებულებების შეცვლა გამოყენებითიდან მის მოვლაზე, ამას გარდა ის უნდა გულისხმობდეს გარემოს დაცვის გაუმჯობესებას.
ეკოტურიზმის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ის სტიმულს აძლევს და აკმაყოფილებს ბუნებასთან ურთიერთობის სურვილს, აღმოფხვრის ნეგატიურ ზემოქმედებას ბუნებაზე და კულტურაზე, ტუროპერატორებსა და ტურისტებში აღვიძებს სურვილს, მხარი დაუჭირონ ბუნების დაცვასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.
კოლხეთის ჭარბტენიანი ტყეები 2007 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კანდიდატთა სიაში, როგორც გეოლოგიურ წარსულში არსებული ვრცელი სუბტროპიკული არეალების უკანასკნელი ნაშთი. აღნიშნული ტერიტორია უნიკალურია თავისი ბიომრავალფეროვნებით, ჭარბტენიანი არეალებისა და ტყის ეკოსისტემების გამო. აღსანიშნავია, რომ მეტ-ნაკლებად მსგავსი ეკოსისტემა მთელ დედამიწაზე მხოლოდ ჩინეთში, მანჯურიის ტერიტორიაზე და იაპონიაში გვხვდება. საქართველო გასული საუკუნის 90-იან წლებში შეუერთდა ე.წ. რამსარის კონვენციას, რომელიც შეეხება წყალჭარბი ტერიტორიების, განსაკუთრებით კი ჴ წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგის არეალებს და გულისხმობს მათ დაცვას, მდგრად გამოყენებას და ამისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფას. ჩვენს ქვეყანაში ამ კრიტერიუმებს მხოლოდ კოლხეთის ჭარბტენიანი არეალები აკმაყოფილებს, საგულისხმოა, რომ კონვენციის ხელმომწერი მხარეები ვალდებულებას იღებენ, შეინარჩუნონ ამ ტერიტორიების ეკოლოგიური ხასიათი.
კოლხეთის დაბლობის ფარგლებში შემორჩენილი ბუნებრივი ჭაობური ლანდშაფტები განუმეორებელია თავისებურებებით და სილამაზით, მნახველში იწვევს სიცოცხლით სავსე უმშვენიერესი ოაზისის შეგრძნებას, რომელსაც შავი ზღვის მთელ სანაპიროზე იშვიათად მოეპოვება ბადალი. ამ ლანდშაფტების მნიშვნელობა ბევრად სცილდება საქართველოს ფარგლებს, რისი დასტურიცაა ის დაინტერესება, რასაც იჩენენ მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, გარემოს გლობალური ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა. ეს ორგანიზაციები დაინტერესებულნი არიან კოლხეთში ბუნებრივი სახით შემორჩენილი ჭაობების და ჭარბტენანი ეკოსისტემების გადარჩენით და ამ საქმის განხორციელებაში დახმარებას უწევენ საქართველოს. სწორედ ამ ორგანიზაციების დახმარებით 1999 წელს შეიქმნა კოლხეთის ეროვნული პარკი.
ეროვნული პარკის ჭარბტენიანი ეკოსისტემები სხვადასხვა კატეგორიის ვიზიტორთათვის საინტერესო და მიმზიდველი ობიექტია. ჭარბტენიანი ლანდშაფტების ერთობლიობა ქმნის ულამაზეს პეიზაჟს, რომელსაც იშვიათად თუ მოეძებნება ბადალი შავი ზღვის მთელ სანაპიროზე.
ტურისტების მოსაზიდად დასავლეთ საქართველოში, გურიასა და სა¬მეგ¬რე-ლოს შორის მდებარეობს ერთი უნიკალური ტბა ჴ პალიასტომი, რომელიც ბერძ-ნულად ზღვის ძველ უბეს ნიშნავს. 1924 წლამდე ის მტკნარი წყლით იყო სავსე. იშვიათი შემთხვევაა, როცა ზღვასთან ასე ახლოს მტკნარი წყლის ესოდენ დიდი ტბა იყოს სადმე. ამ წელს, სპეციალურად გათხრილი არხის წყალობით, პა¬ლი-ასტომი ზღვას შეუერთეს. ხოლო დიდი ღელვების და ზვირთების შედეგად არხი გაფართოვდა და ის უკვე დიდი სრუტით უკავშირდება ზღვას. წყალიც მარილიანი გახდა. სარკის ფართობია 18,2 კმ, აუზის ფართობი _ 547 კმ, მაქსიმალური სიღრმე _ 3,2, საშუალო სიღრმე _ 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ მ. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. მასში ჩაედინება მდ. ფიჩორა, ხოლო გამოედინება მდინარე კაპარჭინა.
პალიასტომის ტბა ერთ-ერთი რეალური კანდიდატია იმ ადგილებს შორის, რომლებსაც საქართველოში ტურიზმის განვითარებაში შეუძლია შეიტანოს წვლილი. რომ არაფერი ვთქვათ მის უნიკალურ ხედებსა და პეიზაჟებზე, აქ გადამფრენ ფრინველებზე თვალთვალისთვისაც უნიკალური ადგილებია. პალიასტომის ტბა ახლომდებარე ჭაობებთან, დაჭაობებულ ტყეებსა და შავი ზღვის აკვატორიასთან ერთად ევროპიდან ევრაზიისკენ და პირიქით, გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი ძირითადი გასაჩერებელი და დასაზამთრებელი ადგილი იყო. დღევანდელ მსოფლიოში ფრინველებით დაინტერესება იმდენად დიდია, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩამოყალიბდა ტურიზმის ცალკე სახეობა _ ”ბორდვოჩინგი” (ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს ფრინველებზე თვალთვალს. თავად ტურისტი კი _ ბორდვოჩერი, ანუ ფრინველებზე მოთვალთვალეს). მტაცებელი ფრინველების მიმართ სულ უფრო და უფრო მზარდი ინტერესის გამო, სამიგრაციო ძაბრები და ისეთი ადგილები, სადაც ფრინველების დიდი მრავალფეროვნებაა იზიდავს მრავალ ეკოტურისტს და სპეციალისტს. ყოველივე ამას კი გარკვეული შემოსავალი მოაქვს მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად. საქართველოს, კერძოდ კი პალიასტომის ტბას, ყველანაირი პირობები გააჩნია ასეთი ტურიზმის გასავითარებლად. მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს ინფრასტრუქტურული და ეკოლოგიური პრობლემები.
ეროვნულ პარკში ტურიზმისა და რეკრეაციის განვითარება გულისხმობს უწყვეტ აქტიურ საქმიანობას ტურისტთა და რეკრეანტთა ნაკადების მოსაზიდად და რეგულირებული ტურიზმის/რეკრეაციისათვის ისეთი მდგრადი პირობებისა და სისტემის შექმნას, რაც გამორიცხავს ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ფლორისა და ფაუნისადმი ზიანის მიყენებას. ყოველივე ეს მოითხოვს ტურიზმის მენეჯმენტის გეგმისა და ვიზიტორთა პროგრამების შემუშავებას.
ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტურიზმი და რეკრეაცია ვითარდება მენეჯმენტის გეგმის ვიზიტორთა პროგრამის შესაბამისად. ეროვნული პარკის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს საქართველოსა და საერთაშორისო შესაბამის (უპირატესად ჴ ეკოტურისტულ) ორგანიზაციებსა და უწყებებთან მყარი, ეფექტიანი კონტაქტების ჩამოყალიბებას და განვითარებას.
ეროვნულ პარკებს გააჩნია ეკოტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი, რომელთა ძირითად მიზანს, ეკოსისტემის დაცვასთან ერთად, წარმოადგენს ადამიანებში ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბება. ეკოტურიზმის რესურსებს წარმოადგენს აგრეთვე მატერიალური და არამატერიალური კულტურული ობიექტები, აღსანიშნავია, რომ ეკოტურიზმის რესურსებს მიეკუთვნება აგრეთვე ისტორიულ-კულტურული ძეგლები, რომლებიც განლაგებულია განსაკუთრებით დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებზე ან მის ირგვლივ ტურისტული ხელმისაწვდომობის ფარგლებში.
ეროვნული პარკების და დაცული ტერიტორიების ზონებს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ეკოტურიზმის მდგრად განვითარებაში შემდეგი მიზეზების გამო:
• დაცულ ტერიტორიებს შეუძლია თავის თავზე აიღოს ეკოტურიზმის საქმიანობის დაგეგმვის, მართვისა და მონიტორინგის ფუნქციები;
• ეკოტურიზმი არის ეკოლოგიური განათლების ეფექტური საშუალება და ხელს უწყობს ადამიანთა ყურადღების მიმართვას ბუნების დაცვისაკენ;
• დაცული ტერიტორიები და ეროვნული პარკების ქსელი მოიცავს უნიკალურ ლანდშაფტებს, რომლებიც არ არის შეცვლილი ადამიანის ზემოქმედების შედეგად;
• ეროვნული პარკები მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში;
• ეკოტურიზმის განვითარება ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, უზრუნველყოფს საერთაშორისო ყურადღებისა და ინვესტიციების მოზიდვას, აგრეთვე ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.
კოლხეთი მხოლოდ მიმზიდველი გეოგრაფიული ადგილი არ არის, დიდია მისი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობაც. კოლხიდა, ეგრისი, ლაზიკა _ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ხალხის მატიანეებში ამ სახელებით მოხსენიებული ტერიტორია საქართველოს კულტურისა და სახელმწიფოებრიობის აკვანია. ნეოლითის ხანიდან ადამიანის მიერ უკვე კარგად ათვისებულ კოლხეთში არქეოლოგიური არტეფაქტებით მდიდარი არაერთი ძეგლია აღმოჩენილი. ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის ბოლოს სწორედ აქ შეიქმნა ქართველურ ტომთა ერთ-ერთი პირველი ქართული ფულიც _ კოლხური თეთრი.
კოლხეთის დაბლობში მრავლადაა ქრისტიანული თუ ქრისტიანობამდელი ძეგლები და ნამოსახლარები. ადამიანები აქ უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენ. შავი ზღვის სანაპირო ზოლი თავისი პორტებითა და კურორტებით კოლხეთის დაბლობს დასავლეთიდან გასდევს და ჩვენი ქვეყნისთვის ამ ტერიტორიის მნიშვნელობას ფასდაუდებელს ხდის, მაგრამ კოლხეთს კიდევ აქვს ერთი სიმდიდრე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მას მსოფლიო მნიშვნელობებს ანიჭებს. ეს ჭაობებია _ ჭარბტენიანი ნიადაგები, რომელთაც დაბლობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია, რომელზეც ადამიანს არასოდეს უცხოვრია და რომელიც მხოლოდ ამ თავისებურ ეკოსისტემას შეგუებულ ნადირ-ფრინველთა საბინადროდაა ვარგისი. კოლხეთის დაბლობს სხვა საერთაშორისო მნიშვნელობაც აქვს. ამ ტერიტორიაზე ფრინველების ყოველწლიური მიგრაციის მარშუტი გადის შემოდგომით ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ხოლო გაზაფხულზე თბილი ქვეყნებიდან თავიანთი ბუდობის ადგილებისკენ მილიონობით ფრინველისათვის, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროს მიუყვებიან. დაუსახლებელი ჭაობები დასვენების და შორეულ გადაფრენებს შორის სულის მოთქმის მშვენიერ ადგილს წარმოადგენს. უფრო სამხრეთით წასვლა მათ აღარ სჭირდებათ, აქაურ ჭაობებში ზამთრის გადატანისთვის საჭირო ყველა პირობაა. აქედან გამომდინარე, ეროვნული პარკის ვიზიტორთა პროგრამის ინფრასტრუქტურას ძირითადად შეადგენს:
ა) ეროვნული პარკის შესასვლელები (დასასვენებელი ადგილებით, საინფორმაციო დაფებით, ჯიხურებით და სხვა); ბ) ტურისტული ბილიკები; გ) ტურისტთა თავშესაფრები; დ) ვიზიტორთა ცენტრები; ე) სათვალთვალო კოშკები. კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს ქ. ფოთში, მალთაყვის უბანი, გურიის ქ. N 222. [ https://ekofact.com]
კოლხეთის ეროვნული პარკი ვიზიტორებს 3 სანაოსნო მარშრუტზე სხვადასხვა ტიპის ნავებით გასეირნების გარდა ფრინველებზე დაკვირვებისა და ეკოსაგანმანათლებლო ტურებსაც სთავაზობს. ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში. ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია ადრეული გაზაფხული და გვიანი შემოდგომა.
კოლხეთის ეროვნულ პარკში ვიზიტს უფრო საინტერესოს ხდის მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული არქეოლოგიური და კულტურის ძეგლების მონახულება. ლაზიკის ძველი დედაქალაქი არქეოპოლისი და კოლხეთის ქრისტიანული ძეგლები _ შუა საუკუნეების წარწერებითა და ფრესკებით მდიდარი მარტვილის სამონასტრო კომპლექსი, ხობის მონასტერი, ცაიშის, კორცხელის და გულევლის ეკლესიები ეროვნული პარკის სიახლოვეს მდებარეობს. ასევე საინტერესოა ზუგდიდში დადიანების ევროპული სახლ-მუზეუმი და იქ დაცული უნიკალური ექსპონატები.
ადგილობრივ ტერიტორიაზე ეკოლოგიური ტურიზმის განვითარება მოიცავს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა: 1. იმ ბუნებრივი ობიექტებისა და ტერიტორიების განსაზღვრა, რომლებიც ტურისტებისათვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს; 2. ისეთი ტურისტული პროგრამების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფს ბუნებრივ კომპლექსებზე ტურისტთა მინიმალურ ზემოქმედებას და ზედმეტად არ ზღუდავს ტურისტთა შესაძლებლობებს; 3. ადგილობრივი მცხოვრებლების ეკონომიკური კეთილდღეობის მხარდაჭერა, რაც სტიმულს აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას, დაიცვან რეგიონული ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა; 4. ტურისტული მომსახურების სფეროს განვითარება საერთაშორისო ტურისტების მოზიდვის მიზნით და ეკოტურიზმის სფეროში ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება.

დასკვნა

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან შეიძლება შემდეგი დასკვნების გაკეთება: ტურიზმი თანამედროვე ეკონომიკის მზარდი და დინამიური დარგია; მდგრადი ტურიზმი ხელს უწყობს ისეთი წინააღმდეგობების აღმოფხვრას, როგორიცაა ბუნებრივი გარემო პირობების დაცვისა და ადგილობრივი მოსახლეობის მეურნეობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნების შეუთანხმებლობა. 

დაცული ტერიტორიების ძირითადი ფუნქციაა ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, მაგრამ თანამედროვე პირობებში მათ სხვა მრავალი ფუნქციაც აკისრია, მათ შორის: ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი კი არის ეკოტურიზმის განვითარება.
ჩვენ განვიხილეთ ეკოტურიზმი განსაკუთრებულად დაცული ბუნებრივი ტე-რი¬ტორიის ფარგლებში; კერძოდ, კოლხეთის ეროვნული პარკის ტურისტულ-რეკ¬რე-აცი¬ული რესურსები; ეროვნულ პარკში ტურიზმისა და რეკრეაციის განვითარება გუ¬ლისხ¬მობს უწყვეტ აქტიურ საქმიანობას ტურისტთა და რეკრეანტთა ნაკადების მოსაზიდად და რეგულირებული ტურიზმის/რეკრეაციისათვის ისეთი მდგრადი პირობებისა და სისტემის შექმნას, რაც გამორიცხავს ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ფლორისა და ფაუნისადმი ზიანის მიყენებას. ყოველივე ეს მოითხოვს ტურიზმის მენეჯმენტის გეგმისა და ვიზიტორთა პროგრამების შემუშავებას. კოლხეთის ეროვნული პარკის ტურიზმის განვითარების ძირითადი ტენდენციებია: სანაოსნო მარშრუტზე სხვადასხვა ტიპის ნავებით გასეირნება, ფრინველებზე დაკვირვება და ეკოსაგანმანათლებლო ტურები.
დღევანდელ საქართველოში ეკოტურიზმი არ წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გარანტს. ამ სიტუაციიდან გამოსავალი შეიძლება იყოს ეკოგიდების მომზადება ადგილობრივი მცხოვრებლებიდან, დაინტერესებული პირების მეთოდური მომზადება, მათი პრაქტიკული სწავლება, საინფორმაციო მასალებით უზრუნველყოფა, რეკლამის განხორციელება საქართველოს შიგნით და საზღვარგარეთ, მათ შორის ინტერნეტრესურსების მეშვეობით.
ამრიგად, საქართველოში არსებობს ისეთი რეკრეაციული რესურსები, რომელსაც შეუძლია ეკოტურიზმი მიიყვანოს განვითარების ისეთ დონემდე, რომელიც საშუალებას მოგვცემს კომპლექსურად და მაქსიმალური მოგებით გამოვიყენოთ მათი შესაძლებლობანი. ეკოტურიზმში მნიშვნელობა აქვს არა მარტო რეკრეაციულ რესურსებს, არამედ გეოგრაფიულ მდებარეობასაც, ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას, ღირსშესანიშნაობების თავისთავადობას, ბუნებრივ პირობებს, ტურისტულ ცენტრებს და ზონებს. საქართველო უნიკალური ქვეყანაა, რომელსაც ტურიზმში განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. მეტრეველი მარინა, ,,ტურიზმი და გარემოს დაცვა (ეკოტურიზმის საფუძვლები), თბილისი, გამომცემლობა შპს ,,ფორმა“, 2008. 

2. ბლიაძე მაია, რა არის ეკოტურიზმი? ელექტრონული სტატია, http://mastsavlebeli.ge/?p=1084
3. გოგელია მამუკა, ცეცხლაძე ცირა, ,,ტურიზმის გავლენა ბუნებაზე“, ჟურნალი ,,სოციალური ეკონომიკა“, მაისი-ივნისი, თბილისი, 2012.
4. “კოლხეთის ეროვნული პარკის” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ბრძანება № 5ა/12 2001 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი.
5. საქართველოს კანონი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, 1998 წლის 9 დეკემბერი.
6. საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, 1996 წ. 7 მარტი #136 ჴ IIს;
7. The Encyclopedia of Ecotourism by David B. Weaver (Editor), 2001, 688 p.
8. http://www.apa.gov.ge
9. https://ekofact.com